იყო დრო, როდესაც თბილისში ერთი უცნაური კაცი დადიოდა, რომელსაც მღებავ ნიკალას ეძახდნენ და ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ, საოცარ შედევრებს ხატავდა. ეს ადრე იყო, დღეს კი, როგორც ჩანს, უნგრელებსაც თავიანთი “ნიკალა“ ჰყავთ. მოკლედ, ბუდაპშტში ცხოვრობს, 70 წელს მიტანებული თვითნასწავლი მხატვარი, ვინმე – ბიდირ ნერეში, რომელიც ფუნჯს ხელში არამც და არამც არ აიღებს, თუ რამდენიმე ჭიქა ღვინო არ დალია.
როგორც გამოცემა – “ჰუნგარუ არტ“–ის წერილიდან ირკვევა, ეს ნერეში ძალიან უცნაური ადამიანი ყოფილა. ხშირად ტოვებს თავის სახლს და თვეობით იკარგება და მისი გზა–კვალი არავინ იცის, რაც შეეხება უნგრელი “ფიროსმანის“ შემოქმედებას, ფაქტია, რომ ის ჩვენს ნიკალას ბევრად ჩამოუვარდება, რადგან მხატვრობის სპეციალისტები მის შემოქმედებაზე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ, თუმცა, საზოგადო ინტერესის საგანი, უპირველესად ბიდირ ნერეშის ცხოვრების წესია.
ისე კი, ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული და გასაკვირი, მეტადრე ის, რომ შესაძლებელია ნერეშში მართლაც იმალებოდეს დიდი გენია. ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ ნიკალას სიცოცხლეში არც მისი ნახატებით იხიბლებოდა ვინმე.