თბილისის მერი 17 მაისის მოვლენებზე პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებში "კეკლუცობის დეტალებს" ამჩნევს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა.
მისი თქმით, არც სააკაშვილის ადვოკატია და არც ივანიშვილის ბრალმდებელი, თუმცა ყოველთვის ღიად აცხადებს, რაც არ მოსწონს.
"არც სააკაშვილის ადვოკატი ვარ და არც ივანიშვილის ბრალმდებელი. სააკაშვილის გამონათქვამი 17 მაისის მოვლენებზე ერთ ნაწილში არ მომეწონა და ამას ღიად ვამბობ. განცხადებაში ფაქტები არასწორად იყო დალაგებული, რადგან აქციის დღეს ქაშუეთში პანაშვიდი არ მიმდინარეობდა, პანაშვიდი წინა დღეს იყო. ამიტომ, ამ ფაქტებით მანიპულირება არასწორად მიმაჩნია და ასეთ საკითხებში ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოები. ივანიშვილის განცხადებაც, ისევე, როგორც სააკაშვილის, ძირითადად სწორი იყო, მაგრამ ორივეს ჰქონდა დეტალი, რომელსაც მე კეკლუცობის დეტალს დავარქმევდი. ივანიშვილის შემთხვევაში ეს იყო სიტყვები – "მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გარედან დაფინანსებული მესამე ძალის მიერ იმართებოდა პროცესი". ეს ძალიან ჰგავს დამრბევების და მისი საყვარელი გაზეთის რიტორიკას", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერის აზრით, პოლიტიკოსები არა ცალკეული გამონათქვამებით, არამედ მთლიანობაში მათი მოღვაწეობის მიხედვით უნდა შეფასდნენ.
"მთლიანობაში, სააკაშვილის მოღვაწეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც უმცირესობების დაცვის პოლიტიკა. რაც შეეხება ივანიშვილს, ვთვლი, რომ ძნელი გასაანალიზებელია მისი პოლიტიკა, რადგან ის არასდროს თანმიმდევრული არ არის. ის თავს უფლებას აძლევს, ერთ აუდიტორიას უთხრას სხვა, მეორეს – სხვა, მესამესთან თქვას, რომ სხვა რამეს გულისხმობდა, მეოთხესთან – დააზუსტოს და შემდეგ გადათქვას", - აღნიშნა თბილისის მერმა.
გიგი უგულავას შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" იდეოლოგია არ გააჩნია და მისი ერთადერთი მიზანია, "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება.
17 მაისს განვითარებულ მოვლენებს კი თბილისის მერი სახიფათო მუხტის გამოვლინებად აფასებს, რომელიც უმრავლესობის მიერ უმცირესობის "მიპრესვას, დაჩაგვრას, განადგურებას და ამოშანთვას" გულისხმობს.