ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე , მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამამ, ბადრი კორტავამ განუცხადა.
"სანამ დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ ჩაუტარდება ჩემს შვილს, მიწას არ მივაბარებ, ამის პირობას ყველას ვაძლევ! გამოარკვიონ და გამოიძიონ ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. ყველამ იცის, რომ აქ პატიმრებს შორის ჩხუბი არაფერ შუაშია და შვილი ბადრაგმა მომიკლა", - აცხადებს ბადრი კორტავა.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით, ლევან კორტავას ოჯახის წევრები, სასჯელაღსრულების მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ. მათივე განცხადებით, ვინაიდან ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვევით კატეგორიაში ირიცხება, ექსპერტიზისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ.
გარდაცვლილის მამიდის, ხათუნა კორტავას განცხადებით კი, თუ სამინისტრო პატიმრებს შორის ჩხუბის ვერსიას არ შეცვლის, შესაძლოა ეს გარემოება მათი პროტესტის მიზეზი გახდეს. "თვითონ გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ეს ვერსია აბსურდულია. იმასაც გვეუბნებიან, თუ ამ ვერსიის გავრცელებას არ შეეშვება სასჯელაღსრულების სამინისტრო, შეიძლება ბუნტიც დაიწყოს ციხეში. ყინულიანი ბოთლებით, პარკეტითა და ხელკეტებითაა ნაცემი. მკლავები დაჩხვლეტილი აქვს, ტერფები - ცემისგან დალურჯებული. ჩვენ არ გავჩერდებით!", - აღნიშნა გარდაცვლილის მამიდამ.
ოჯახის კიდევ ერთი ნათესავის, მანანა ლორჩოშვილის განცხადებით, გარდაცვალებამდე ლევან კორტავას საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი, სამი დღის შემდეგ შემთხვევით შორეული ნათესავისგან შეიტყვეს.
"სამი დღის განმავლობაში ბიჭი საავადმყოფოში დალეწილი და დაჩეჩქვილი იწვა და ჩვენთვის არავის შეუტყობინებია, შემთხვევით მოკრა ყური შორეულმა ნათესავმა მის სახელსა და გვარს საავადმყოფოში მიყვანისას. არც ის ვიცოდით საერთოდ, რომ რუსთავიდან გეგუთის კოლონიაში გადმოიყვანეს. 12 მაისს წამოყვანილი პატიმარი, 13 მაისიდან უკვე რეანიმაციაში რომ აღმოჩნდა, თუ გამოძიება უნდოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, რას ელოდებოდნენ?! თუ ეგონათ, რომ კიბიდან დაგორების ვერსიით დაგვაჯერებდნენ?!. ეკა ბესელიას მცდელობა არ დაუკლია, ერთი წუთით არ მოუდუნებია დღემდე ყურადღება, იმედი გვაქვს, ბოლომდე ასე გააგრძელებს", - აცხადებს მანანა ლორჩოშვილი.