"დედაენის ბაღთან", სადაც დღეისთვის ორი სხვადასხვა აქციაა დაგეგმილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება. ღარიბაშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას ავტომანქანიდან აკვირდება.
ამ დროისთვის "დედაენის ბაღის" შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული და ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორ "ეროვნული ფოტნტის" წევრებს ბაღში არ უშვებენ.
როგორც უფლებადამცველმა, გიორგი გაბედავამ განაცხადა, მათ ჰქონდათ კონსულტაციები სამართალდამცავებთან. "მათგან სავარაუდოდ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ გავმართოთ აქცია "დედაენის ბაღში", ძეგლის წინ. რაც შეეხება მეორე აქციას, სავარაუდოდ ისიც გაიმართება ასევე ამ ბაღის ტერიტორიაზე, რაშიც ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით", - აღნიშნა გაბედავამ.
ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური.
"ეროვნული ფრონტის" მოთხოვნაა – შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დაგეგმილი მეორე აქციის მონაწილეების ლოზუნგია "არა თეოკრატიას!".