კიევში, საქართველოს საელჩოსთან მსჯავრდებულთა ფორმაში გამოწყობილი 20-მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
აქციის მონაწილეები, რომლებიც "მიშა, მოგვეცი მოქალაქეობა!"-ს სკანდირებენ, "გაერთიანება ბოგდან ხმელნიცკის" აქტივისტები არიან.
როგორც აქტივისტებმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადეს, ამ პერფორმანსით მათ სამშენებლო თაღლითობის გარშემო შექმნილ პრობლემებზე ყურადღების მიპყრობა უნდათ, რომელშიც უკრაინელი ბიზნესმენი სვიატოსლავ მელაიცაა ჩართული. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, სვიატოსლავ მელაი ზაკარპატიეს ოლქში სამშენებლო პროექტის განხორციელების დროს თაღლითობასა და 300 ათასი დოლარის მითვისებაშია ბრალდებული. მათივე თქმით, დაზარალებულთა შორისაა დეპუტატი იან ტაბაჩნიკიც.
მანიფესტანტთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მელაიზე ძებნა გამოცხადდა, მან შეძლო სასჯელს გაქცეოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მისცა.
გამოცემა, "Новый Регион2"-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთ დიდსულოვნებას აქციის მონაწილეები სააკაშვილისა და ბიზნესმენის ქალიშვილის, ივანა მელაის ახლო ურთიერთობით ხსნიან.
საელჩოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც, თუმცა, ისინი აქციის მონაწილეებს ხელს არ უშლიან.