ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ყოფილი პრემიერის დაკავებას სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულად მიიჩნევს.
როგორც ჩივიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემთხვევებს მკაფიოდ განსაზღვრავს. ადვოკატის თქმით, ასეთი შემთხვევებია, როდესაც პირი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ემალება გამოძიებას ან ძებნილია.
"ასეთი გარემოება ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე არ არსებობს. ისინი ყოველთვის ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოებში. დეკემბრიდან ოთხჯერ მისცეს ჩვენება და ყველა გამოძახებაზე გამოცხადდნენ. მათი იძულებით მიყვანა არასოდეს გამხდარა საჭირო. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლოში ვითხოვდით, მათ არ შეფარდებოდათ არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდებამ საფუძვლად მიუთითა, რომ მერაბიშვილს საზოგადოებრივ აზრსა და საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს. ადვოკატისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ვანო მერაბიშვილის საზოგადოებრივი გავლენა მის დაპატიმრებასთან.
"ვანო მერაბიშვილს ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, არის პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი და აბსოლუტურად გასაგებია, რომ გავლენა აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილზე, მაგრამ ეს დაკავების საფუძველი არ არის. ბრალდება ასევე აპელირებდა, რომ მისი მეუღლე იყო საზღვარგარეთ და მერაბიშვილიც მიემელებოდა გამოძიებას. თუმცა, იმ დროს, როდესაც ბრალდება ამაზე საუბრობდა, თაკო მერაბიშვილი თვითმფრინავში იმყოფებოდა და საქართველოში მოდიოდა", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
ადვოკატი ყურადღებას არაუფლებამოსილი პირის მიერ დაწყებულ დევნაზეც ამახვილებს. მისი თქმით, კანონი "პროკურატურის შესახებ" მიუთითებს, რა შემთხვევაში ვინ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
"იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას – საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრის და საქართველოს მთავრობის წევრის მიმართ. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი იყვნენ მთავრობის წევრები და მათ მიმართ კანონმდებლობა აწესებს მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, ეს სტანდარტი განსაზღვრავს, ვინ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მათ მიმართ", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ყველა ეს არგუმენტი დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა.