ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე დამოუკიდებელ მოკვლევას განახორციელებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, პარალელურად კომიტეტი კონტროლს განახორციელებს პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე.
ეკა ბესელიას განცხადებით, მას არ სჯერა ვერსიის, რომ პატიმარს ფიზიკური დაზიანებები კიბეზე დაგორებით მიადგა. მისი თქმით, მომხდარზე უამრავი კითხვა არსებობს და კომიტეტს დამოუკიდებელი მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.
ბესელიას თქმით, იგი პატიმრის გარდაცვალებამდე მის სანახავად საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებმა განმარტეს, მდგომარეობა უიმედო იყო.
"შეძრული ვარ მომხდარით. კომიტეტი ამ ადამიანის საქმეზე უკვე მუშაობდა. 2 რეკომენდაცია გვქონდა გადაგზავნილი. პატიმარი და მისი ოჯახი განაჩენის კანონიერებას აყენებდნენ ეჭვქვეშ და ჩვენ მოგვმართეს. ერთი რეკომენდაცია გაგზავნილი გვქონდა მთავარ პროკურორთან, მეორე რეკომენდაცია პატიმრისთვის მკურნალობის ჩატარებაზე გვქონდა გაგზავნილი. გარდაცვლილი ძალიან გაჭირვებულ ოჯახშია გაზრდილი. პატიმარმა გეგუთის კოლონიაში გადმოყვანისთანავე მძიმე დაზიანებები მიიღო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყოველ დღე ვამოწმებდით მის მდგომარეობას, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. საავადმყოფოში ვიყავი და ექიმსაც ველაპარაკე და ოჯახის წევრებსაც. ექიმები ამბობდნენ, რომ იყო უიმედო მდგომარეობა", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, იგი გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელსაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის დეტალები არ იცის.
"კოლონიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პატიმარი რამდენიმე საათის შემოყვანილი იყო კოლონიაში, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, თუმცა ვერ აკონკრეტებს რა მოხდა. ამიტომაც მე მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. ამის თაობაზე ვესაუბრე როგორც მინისტრს, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელებს და მიმაჩნია, რომ ამ ფაქტზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ვახორციელებთ ამ საქმეზე კონტროლს. სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება. უმძიმესი შემთხვევაა და შეძრული ვარ მომხდარი ფაქტით", - განაცხადა ბესელიამ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გუშინ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად კიბეზე დაგორების ნაცვლად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.