საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს.
გურამ გირგვლიანის განცხადებით, როდესაც დამლაგებელი დილით მივიდა სასაფლაოზე, მას ირინა ენუქიძისა და სანდროს გირგვლიანის საფლავებზე ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი აღარ დახვდა. ბრინჯაოს ჯვარი სასაფლაოს ქვაზე იყო დაკრული.
როგორც გურამ გირგვლიანი აცხადებს, მას სპეციალური იარაღების გარეშე ბოროტმოქმედი და მძარცველი ვერ მოხსნიდა. მისივე განმარტებით, მას სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, თუმცა პოლიცია თავად მივიდა საფლავზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
გურამ გირგვლიანის განცხადებით, საფლავი უკვე შვიდი წელია არსებობს და აზრად არავის მოსვლია მისი დაზიანება.
გურამ გირგვლიანი ეჭვობს, თუმცა პირდაპირ არ უკავშირებს ორი დღის წინ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირის დაკავებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული გარემოებები, მაღალი თანამდებობის პირის დაკავება და ჯვრის მოპარვა საფლავიდან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.