საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ნებისმიერი დემოკრატიისთვის აუცილებელია, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყოს.
ამის შესახებ ბრინკმა ჟურნალისტებს დღეს პრემიერ ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ დედაენის ბაღში დაგეგმილი ორი აქციის შესახებ დასმული კითხის საპასუხოდ განუცხადა.
"ჩვენ ვიცით იმ შეკრებების შესახებ, რომელიც დაგეგმილია დღეს საღამოს. აშშ-ის პოზიცია რჩება უცვლელი, რომ აშშ-სთვისაც და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყოს. ეს განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითაც", - განაცხადა ბრინკმა.
ამასთან, ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ აშშ გმობს ლგბტ პირების შეკრებაზე განხორციელებულ ძალადობას.
"ჩვენ ვაფასებთ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა 17 მაისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით. მივესალმებით მის დაპირებას, რომ ჩატარდება სათანადო გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ბრალის წაყენება იმ პირების მიმართ, ვინც დამნაშავეები არიან ძალადობაში", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.