ბიძინა ივანიშვილი:   პრეზიდენტი არ არის ღმერთი და მონათმფლობელი, ის კანონის წინაშე პასუხს აგებს

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი არ არის ღმერთი და მონათმფლობელი, ის კანონის წინაშე პასუხს აგებს

პრეზიდენტი ღმერთი არ არის და მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრის დაკავების გათვალისწინებით გამოძიებას შესაძლოა შეკითხვები მასთანაც ჰქონდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

პრემიერი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს ვანო მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ "ნაციონალები" სხვას ვერაფერს იტყვიან.

"ისინი ვერ იტყვიან, რომ მერაბიშვილი არის კრიმინალი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, გამორიცხული არ არის გამოძიებას შეკითხვები მიხეილ სააკაშვილთანაც ჰქონდეს, იმის გათვალისწინებით, რომ დააკავეს მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი.

"გერმანიის პრეზიდენტი რამდენჯერმე დაიკითხა იმის გამო, რომ სასტუმროში მის მაგივრად სხვა პირმა გადაიხადა 780 ევრო, საზოგადოებას კი ამან ეჭვი გაუჩინა. კითხვა, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს, აღარ უნდა გაჩნდეს. თუ არსებობს შეკითხვები, იგი უნდა დაიკითხოს. პრეზიდენტი არ არის ღმერთი და მონათმფლობელი, იგი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია და ისევე აგებს პასუხს კანონის წინაშე, როგორც ყველა დანარჩენი. როდესაც დააკავეს მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გამორიცხული არ არის კითხვები მასთანაც არსებობდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილის დაკავებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის უახლეს ისტორიას ასამართლებს.

"თუ ის ფიქრობს, რომ უახლესი ისტორია მისი მოღვაწეობის პერიოდია, ეს ნორმალურია, რადგან ვინც კანონი დაარღვია, ის უნდა გასამართლდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.