საქართველოში აკრედიტებული ელჩები 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიების პროცესით დაინტერესდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ელჩებმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების საკითხზე მწირი ინტერესი გამოავლინეს.
პრემიერის ინფორმაციით, ამ თემაზე მხოლოდ ერთი კითხვა დაისვა და ელჩებს, ძირითადად, საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები აინტერესებდათ.
ბიძინა ივანიშვილს კითხვა დღეისთვის დაგეგმილი აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც დაუსვეს.
"დავარწმუნე ელჩები, რომ დაპირისპირების განმეორების ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ქართულ საზოგადოებას უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა არ ესწავლება. სექსუალური უმცირესობები სიახლეა, თუმცა აზრის გამოთქმის თავისუფლება ყველას უნდა ჰქონდეს. არ შიეძლერბა განმეორდეს ის, რაც 17 მაისს მოხდა. სამომავლოდ ხელისფლება უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ეს იყო გაკვეთილი. ყველაფერი შესაძლოა, მშვიდად დასრულებულიყო, რომ არ არსებობდეს ეჭვი პროცესების ხელოვნურად მართვის შესახებ", -განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, ამგვარი პროცესების პრვენცია ის იქნება, რომ სამართალდამცავები ყველას მოსთხოვენ პასუხს, ვინც კანონი დაარღვია და ვინც საზოგადოებას ძალადობისკენ მოუწოდებდა.
"საპატრიარქომ სწორი პოზიცია დაიკავა და თავადაც აპირებს დასაჯოს ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა, რადგან ეს ქრისტიანული საქციელი არ არის. რაც მოხდა 17 მაისს, თანხვედრაში არ არის ჩვენს გენთან და კულტურასთან. ქართველები აგრესიული ხალხი არ არიან",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, დაადგინოს რამდენად იმართებოდა ხელოვნურად 17 მაისის პროცესები და გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.