სახალხო დამცველი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

სახალხო დამცველი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გარემოებებს სწავლობს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსჯავრდებულ ლ.კ.-ს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლ.კ. 2013 წლის 12 მაისს ეტაპირებულ იქნა რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში, იმავე დღეს, უგონო მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც 2013 წლის 23 მაისს გარდაიცვალა ქალა-ტვინის ტრავმების შედეგად. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლ. კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს მსჯავრდებულ ლ.კ.-ს გარდაცვალების გარემოებების შესწავლა. 2013 წლის 16 მაისს გეგუთის #14 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები, რომლებიც გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს და სამედიცინო პერსონალს, ასევე დაათვალიერეს დაწესებულების ტრავმების ჟურნალი, სადაც მითითებულია, რომ ლ.კ. სამედიცინო ნაწილში გადმოიყვანეს დაწესებულების მე-6 კორპუსიდან 2013 წლის 12 მაისს, 22.50 სთ-ზე. მას აღენიშნებოდა "თვალბუდის და შუბლის არეში დაჟეჟილობა სისხლდენის გარეშე. (...) ცნობიერება დაბინდული, კითხვებზე არ რეაგირებდა. სავარაუდო დიაგნოზი - თავის ტრავმა". მედპერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს ადგილზე აღმოეჩინა პირველადი დახმარება, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ლ.კ. გადაიყვანა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია მომხდარი ინციდენტისა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე, კერძოდ, რა გარემოებებში და ვისი თანდასწრებით მოხდა ინციდენტი, არის თუ არა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიერ, რა კითხვები დაისვა გამოძიების მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე.

როგორც გეგუთის #14 დაწესებულებიდან, ისე ზ.ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 24 მაისს გამოითხოვა ლ.კ.-ს სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების ასლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან კი, ასევე 2013 წლის 24 მაისს გამოთხოვილ იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერების ასლები, რომლებიც ასახავს ლ.კ.-ს გადაადგილებას #14 დაწესებულების ტერიტორიაზე, დაწესებულებაში შესვლიდან მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპატარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.