გარდაცვლილი პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას და თავად მინისტრს, პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაში დაეხმაროს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, მისი ძმისშვილი სასტიკად ნაწამებია და ოჯახი დარწმუნებულია, რომ იგი არა პატიმრებმა, არამედ ციხის ადმინისტრაციამ აწამა.
"არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის ნაწამებია. სამინისტრო და მინისტრი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მოკლეს და ინფორმაციას მაინც ნუ იტყუებიან", - განაცხადა ხათუნა კორტავამ.
მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაშავებული აქვს.
"სასტიკად ნაწამებია, წყლიანი ბოთლებით არის ნაცემი. რაც ხდებოდა "ნაციონალების" დროს, ის ხდება ახლაც, არაფერი შეცვლილა. სიღარიბის ზღავრს ქვემოთ პროგრამაში ვარ და ექსპერტიზის საშუალება ოჯახს არ გააჩნია. ვთხოვთ სახალხო დამცველს, დაგვეხმარეოს. ასევე ყველამ მინდა გაიგოს, რომ ციხეში არაფერი არ შეცვლილა. დღეს მე ვარ გამწარებული და ჩემსავით ხვალ და ზეგ სხვები გამწარდებიან. მიცვალებულს არ დავმარხავ მანამ, სანამ სიმართლეს არ დავაფიქსირებ", - აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გუშინ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმარ ლ.კ.-ს გარდაცვალების მიზეზად კიბეზე დაგორების ნაცვლად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.