2013 წლის 23 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1992 წლის 16 აგვისტოდან ძებნილი, 1957 წელს დაბადებული თამაზ ც. ქუთაისში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი თამაზ ც. 1992 წელს აფხაზეთში მდებარე დრანდის მე–9 საგამოძიებო იზოლატორიდან გაიქცა, სადაც ის ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ქურდობისა და ბანდიტიზმის ბრალდებით იყო მოთავსებული. მაშინდელი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულებისთვის თამაზ ც–ს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიესაჯა. იზოლატორიდან გაქცევის გამო, 1992 წლის 15 აგვისტოს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ვერ აღსრულდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ც–ს მიერ ჩამოყალიბებული ბანდიტური დაჯგუფება აფხაზეთის ტერიტორიაზე თავს ესხმოდა მძღოლებს, ართმევდა მათ პირად ნივთებსა და ავტომანქანებს, რომლებსაც შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყიდდა.
დაკავებული ამჟამად სასჯელაღსრულების მე–8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ამიტომ სასამართლო მისთვის ახალი სასჯელის შეფარდების შესახებ იმსჯელებს.