საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსში ჯაშუშობასთან დაკავშირებული მუხლის ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო. ამით საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების - ალექსანდრე ბარამიძის, ლაშა ტუღუშის, ვახტანგ ხმალაძისა და ვახტანგ მაისაიას მიერ პარლამენტის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი ნაწილობრივად დააკმაყოფილა.
საქმე ეხება 2011 წლის აგვისტოში, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს და სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, ჯაშუშობად განსაზღვრულია, "უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე".
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები "აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა" ბუნდოვანი შინაარსის არის და პირს არ აქვს შესაძლებლობა, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რომელ მოქმედებას უკრძალავს მას კანონი. მოსარჩელეთათვის პრობლემატურია სადავო ნორმაში მოხსენიებული ტერმინი "სხვა ინფორმაცია". მათი აზრით, მოცემული ტერმინის შინაარსი ფართო ხასიათისაა და მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, განსხვავებით ამავე ნორმის პირველი ნაწილისაგან, რომელიც დასჯადად აცხადებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემას, ხოლო თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების ცნება განსაზღვრულია "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონით. შესაბამისად, ტერმინ "სხვა ინფორმაციაში" მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, მათ შორის, საჯარო ინფორმაცია, პირადი შეხედულებები და მოსაზრებები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს. მოსარჩელეთა მტკიცებით, ასევე ბუნდოვანია ტერმინი "საქართველოს ინტერესის საზიანოდ". მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება "სხვა ინფორმაციის" გამჟღავნებამ ან დაკარგვამ ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს, თუ ეს ინფორმაცია არ არის "სახელმწიფო საიდუმლო", როგორც ამას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონი განმარტავს. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ არის საიდუმლო, მის გამჟღავნებას ან დაკარგვას არ შეუძლია ზიანი მოუტანოს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, მათი აზრით, გასაჩივრებული დებულება დანაშაულად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომლის ფორმულირება შინაარსობრივად მცდარია. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს ფარგლებში, მიჩნეულ იქნეს ჯაშუშობად და პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეების ალექსანდრე ბარამიძის, ლაშა ტუღუშის და ვახტანგ ხმალაძის სარჩელი ნაწილობრივად უნდა დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები "ან უცხოეთის ორგანიზაციის" კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერს - "აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ...დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა" კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად არის ცნობილი მისი გამოქვეყნებიდან. დოკუმენტი "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე განთავსდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.