საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "ინტერს" ინტერვიუ მისცა, რომლის ჩანაწერის ნაწყვეტებს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"საქართველოსთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვა. უკრაინა უდიდესი ქვეყანაა და მას შეუძლია, საკუთარ თავს რაიმე სახის მანევრის უფლება მისცეს. საქართველო კი თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით არსებობის მუქარას. ჩვენ ვერ დავუშვებთ დასავლეთის – ევროპის, ამერიკის, დემოკრატიული მსოფლიოს მხარდაჭერის დაკარგვას. ასე რომ, ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა და ჩვენ არ მოვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას.
"ინტერთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა 17 მაისს, თბილისში გამართული ლგბტ აქციის დარბევას და აღნიშნა, რომ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არ უნდა ხდებოდეს.
"თბილისში სექსუალური უმცირესობების აქცია გაიმართა, რომელთა წინააღმდეგ აბსოლუტურად წარმოუდგენელი მეთოდები იქნა გამოყენებელი ექსტრემისტთა, მათ შორის რელიგიური, ჯგუფების მიერ. თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელობა არა აქვს რა სახით იყვნენ ისინი წარმოდგენილი. ყველაფრის მიუხედავად, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამოყენებული ფორმები არანაირად არ შეესაბამება ცივილიზაციის ნორმებს, დემოკრატიის სტანდარტებს. გამოვლინდა ნიშნები, რომელიც არ შეესაბამება იმ ცივილიზებულ ქვეყანას, რომელსაც 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის პრეტენზია აქვს. მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციისა, თავი ქვეყნისგან და კანონისგან დაცულად უნდა იგრძნონ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა