საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიციამ, სამწუხაროდ, 17 მაისის აქციაზე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იდეალურად ვერ მოახერხეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი ხელისუფლების სურვილი იყო, 17 მაისის აქცია მაქსიმალურად მშვიდობიანი ყოფილიყო და სექსუალური უმცირესობების უფლებები დაეცვა.
"სამწუხაროდ, პოლიციამ და ახალმა ხელისუფლებამ ეს იდეალურად ვერ მოახერხა. 17 მაისს განვითარებული მოვლენები ჩვენი საზოგადოების სირცხვილი იყო, მაგრამ შექმნილ ვითარებაში პოლიციის ქმედებას ადეკვატურს დავარქმევდი. სამართალდამცავები ცდილობდნენ მაქსიმუმს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარეობს. შეხვედრას თითქმის ყველა ელჩი ესწრება.