სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფი, 17 მაისს განვითარებული პროცესების საწინააღმდეგოდ, დღეს აქციას, დევიზით - "არა თეოკრატიას" გამართავს.
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორის, თათა ცოფურაშვილის განცხადებით, აქცია 19:00 საათზე გაიმართება. 25 მაისს, 15:00 საათზე კი იგეგმება მეორე აქციის გამართვა კანონის უზენაესობის მოთხოვნით. მისი თქმით, 17 მაისის შემდეგ მოქალაქეებზე თავდასხმები რამდენჯერმე განხორციელდა მათი გარეგნული მონაცემების გამო.
"რაც ხდება 17 მაისის შემდეგ, განაპირობებს იმას, რომ თითოეული მოქალაქე შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი. ოთხი ადამიანის დაკავებამ რეალურად ფონი არ შეცვალა და ისევ განხორციელდა თავდასხმა ახალგაზრდა ბიჭზე მარჯანიშვილის ქუჩაზე", - აცხადებს ცოფურაშვილი.
ცოფურაშვილის თქმით, 24 და 25 მაისს დაგეგმილი აქციების ორგანიზატორი მთელი სამოქალაქო საზოგადოებაა.