სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, ამჯერად, კიბეზე დაგორების ნაცვლად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ახალ განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებულმა თავის არეში დაზიანებები საცხოვრებელ კორპუსებში პატიმრების გადანაწილების შემდეგ მიიღო.
"2013 წლის 23 მაისს ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა. 2013 წლის 12 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებიდან #14 დაწესებულებაში სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაყვანილი იქნა 64 მსჯავრდებული, მათ შორის მსჯავრდებული ლ.კ. საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მსჯავრდებულმა სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები. პირველადი ინფორმაციით, ლ.კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო. ტრავმების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკთხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულ ლ.კ-ს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ეროვნულ ცენტრში.
"სამწუხაროდ, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა. გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავმა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი", - განმარტავენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტზე 13 მაისიდან პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიებას აწარმოებს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმართველო და გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ინფორმაცია მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.