სამწუხაროა, საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პრემიერსა და მინისტრებს იმის გამო აპატიმრებს, რომ ეს ნანა კაკაბაძესა და მელორ ვაჩნაძეს სურთ , - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "პრესკლუბში მე-17 სართულზე", ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და კახეთის მოქმედმა გუბერნატორმა, რომელიც 20 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, დღეს დილით გათავისუფლდა, ჟურნალისტებთან მის მიმართ და ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები და მათი დაპატიმრების ფაქტი შეაფასა.
ჭიაბერაშვილის თქმით, წაყენებული ბრალდებები აბსურდულია და როგორც ხელისუფლებას, ასევე, პროკურატურას ძალიან გაუჭირდება აუხსნას საზოგადოებას, როგორ იყო დასაქმების პროგრამაში ჩართული 600 000 ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" აგენტი.
"ჩვენს მიმართ არსებული ბრალდებების აბსურდულობაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. იმისათვის, რომ დააკავო ქვეყნის ყოფილი პრემიერი, მინისტრი ან ელჩი, სერიოზული არგუმენტებია საჭირო, რადგან ეს ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე. ფაქტია, რომ ვანო მერაბიშივილი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და თუ ის მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ ეს ნანა კაკაბაძეს და მელორ ვაჩნაძეს და "ასავალ-დასავალის" იდეოლოგიის მიმდევრებს სურთ, ხელისუფლება საზოგადოებაში გააღვიძებს ურჩხულს, რომლის დამორჩილება შეუძლებელი იქნება", – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისვე თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან და მისთვის 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით ხვალ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.