ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რომელსაც ზედამხედველობას საქართველოს მთავრობა გაუწევს .
ამის შესახებ განცხადება მინისტრის მოადგილე დავით ლომიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ლომიძემ და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე და ძალაში მისი შესვლის ვადებზე ისაუბრეს.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი სსიპ-ის ჩამოყალიბების შესახებ მომზადებული კანონპროექტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება გატანილი, შემდგომ კი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცებას და ყველა საჭირო პროცედურის გავლას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება, ახალი ორგანიზაცია კი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.
რაც შეეხება ახალი სსიპ-ის სამომავლო საქმიანობას, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გელა დოლიძის განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს ვეტერანთა პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც უკავშირდება მათ ჯანდაცვას, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, დასაქმებას და სოციალური დახმარების გაზრდას.