სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ჟოაო სოარესის განცხადებით, "პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში ჩასმა ვერ გადაჭრის ვერანაირ პრობლემას, პირიქით, ახალს შექმნის".
ასე გამოეხმაურა სოარესი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას.
"მე თვალს ვადევნებდი ამ კვირაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას. მერაბიშვილი პარტიის შიდა პრაიმერში მონაწილეობს, რათა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ეუთო-ს წინაშე ადამიანის უფლებების საკითხსა და სამართლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი სასამართლო პროცესის წარმოებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გასულ წელს, როდესაც პირველად ამ რეგიონში, დემოკრატიული არჩევნების გზით, ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორეს ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს საფრთხე არ დაემუქროს. სასამართლო პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების შესაბამისად და არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება პარტიზანული მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლო გამოყენების თაობაზე", – განაცხადა მან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სატელეფონო საუბრისას სოარესმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შემდეგს: "თქვენი პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა ვერ გადაჭრის ვერანაირ პრობლემას, პირიქით, შექმნის ახალს".