სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საჭიროდ ჩათვალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ დღეს სასამართლოზე არათუ არანაირი ზეწოლა არ ხდება, არამედ, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ძალიან ხშირ შემთხვევაში ოპონირების რეჟიმშიც კი არის, რაც არ არის ნორმალური, იმიტომ რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყველა პოზიციისგან გარდა კანონისა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, სუბარის განცხადებით, ის გადაყვანილია სასჯელაღსრულების #9 ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი გირაოს თანხის გადახდამდე ქუთაისის ციხეში დარჩება.