საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არანორმალურს უწოდებს და ზეწოლის შედეგად მიიჩნევს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე "ნანა კაკაბაძის საძმოს თუ სადოს და ე.წ. პოლიტპატიმრების თუ კრიმინალების მობილიზებამ იმოქმედა". მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის სასამართლოზე ბოლო კვირების განმავლობაში სამართალდამცველების მხრიდან ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა.
"რაც მოვისმინეთ, ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ამ ზეწოლის გათვალისწინებით სასამართლოს სხვა გამოსავალი არ დარჩა. ბრალი თავისთავად უსუსური იყო, ვინაიდან თავად პროკურორები აღნიშნავდნენ, რომ მიმალვის საფრთხე არსებობდა მარტო იმიტომ, რომ ადამიანს ჰქონდა კავშირები და შეიძლება დაეტოვებინა ქვეყანა, მაშინ, როდესაც მარტო ვანო მერაბიშვილს საზღვარი 4-ჯერ აქვს გადაკვეთილი და გადმოკვეთილი ბოლო პერიოდში ისე, რომ არ უცდია მიმალულიყო", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.
მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა არის იდეოლოგიაზე დაფუძნებული მოძრაობა. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია და არ არის ადვილი, როდესაც გენერალური მდივნის წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" გაათმაგებულად და გაასმაგებულად გააგრძელებს ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის, რასაც საფუძველი ჩაუყარა ვანო მერაბიშვილმა და მისმა გუნდმა", - განაცხადა საყვარელიძემ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს - 20 ათასლარიანი გირაო.