საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნებისთვის 22 მაისი ზეიმის დღედ გამოცხადდება, რადგან მათ დააკავეს ის პიროვნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მეტად საინტერესო ფიგურა იყო.
„ივანიშვილი და ოცნება დღევანდელ დღეს ზეიმობს, რადგან მერაბიშვილი მისთვის მეტად საინტერესო პოლიტიკოსი იყო. ჩვენი პარტიის გენერალური მდივნის დაკავება კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან სისუსტის ნიშანია და მეტი არაფერი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი დასრულდა. მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 ათასი ლარი გირაო, ხოლო ივანე მერაბიშვილს კი პატიმრობა შეუფარდა.