ბრიუსელში დღეს, ელჩების დონეზე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის მიზანი იყო საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ზაფხულში დაგეგმილი ვიზიტის მომზადება. ვიზიტის წინ მოკავშირეებმა ქართულ მხარესთან ერთად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ქართულ მხარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენდნენ. სხდომას ნატო–ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა.
საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა სხდომაზე მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ზურაბ აბაშიძემ კი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში არსებული დინამიკა გააცნო და ასევე ესაუბრა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ახალი მიდგომების შესახებ.
"სხდომაზე მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მათ ასევე გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება. ალიანსის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და, ამავდროულად, პრინციპული მიდგომები რუსეთთან ურთიერთობებში. მოკავშირეებმა ასევე მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და მწუხარება გამოთქვეს ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დროს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საგარეო უწყების ცნობით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ასევე აღნიშნეს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ალიანსისთვის ადგილზე გაეცნოს საქართველოში მიდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ გამოხატოს მხარდაჭერა მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ქართული დელეგაცია ვიზიტის ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა.