ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. სასამართლოზე შესვენებაა გამოცხადებული. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას, თუ რა სახის აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდებათ ბრალდებულ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს.
დღევანდელ პროცესზე, კითხვა-პასუხის ეტაპზე სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები. ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროცესუალურ დარღვევებზეც ისაუბრა. ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღმკვეთი ღონისძიება არ განესაზღვროთ, ალტერნატიულ ღონისძიებად კი ისინი ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ.
ბრალდების მხარის პროკურორებმა კი პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს პატიმრობა შეეფარდოთ.