საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "შიდა კონფლიქტები შვილების ბედს არ უნდა გადავაყოლოთ".
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. თქვენც ისეთი ქართველები ხართ, როგორიც ჩვენ. მე გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ უცხო თამაშს არ თამაშობთ და თქვენ, ისევე როგორ მე, საქართველოს წარმატება და გაძლიერება გინდათ. მე მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოძრაოთ ერთი და იგივე, ძალადობის, შურისძიების, ურთიერთქიშპობის, მათ შორის უცხოელ მტერთან შეკვრის პრაქტიკით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რომელიც მერაბიშვილმა, ჭიაბერაშვილმა და მათმა მსგავსმა ადამიანებმა წინა წლებში შეძლეს და ერთად უნდა აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რაც არსებობს. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ერთმანეთის, ხალხის გადაკიდების გზით, არამედ ფართო საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომ გასაძლიერებლად, ჩვენი ევროატლანტიკური ვექტორის შესანარჩუნებლად უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ წარსულზე ნეგატიური კონცენტრირება მომავალზე ხედვით უნდა ჩავანაცვლოთ, მომავალზე უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ საქართველო თითოეული ჩვენგანისთვის უკეთესი ქვეყანა გახდეს. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ, ჩვენს ცუდ ინსტიქტებზე ავმაღლდეთ და ამ ყველაფრის ზემოთ დავდგეთ. დავდგეთ თუნდაც სამართლებრივი გულისწყრომების მაღლა, რადგან არაფერი იმაზე ცუდი არ არის, ვიდრე გულისწყრომაზე დაყრდნობილი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს არის ჩიხში მიმავალი გზა. ჩვენ ბევრი საერთო უნდა ვიპოვოთ და თუ კარგად მოვძებნით, ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო, თუნდაც შიდა, საგარეო და არაღიარების პოლიტიკაში. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ უკეთესი საქართველოსკენ. მთელი წლების განმავლობაში ჩემი მიმართვის მთავარი ობიექტი ქართული საზოგადოება იყო და ასეა ახლაც. მე ძალიან ცოტა დრო მაქვს გატარებული ამ სასახლეში და ამ კაბინეტში და ძალიან ბევრი - ქართულ სოფლებში, ხალხთან. საქართველოს მე ვიცნობ ისევე, როგორც ჩემს საკუთარ ოჯახს. მე საქართველო ჩემს საკუთარ ოჯახად მიმაჩნია და მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ შესაძლოა, ოჯახში გვქონდეს უთანხმოებები, შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები და ყოფითი პრობლემები, რადგან ეს გარდაუვალია ყველა ოჯახში, მაგრამ ოჯახის მთავარი მიზანი არის ერთიანობის შენარჩუნება და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი პერსპექტივის გაჩენა. ჩვენი შიდა კონფლიქტები ჩვენი შვილების ბედს არ უნდა გადავაყოლოთ. იმ პროცესზე, რომელიც დღეს იმართება, არის გადამწყვეტი და გზაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო. ყველანი უნდა დავფიქრდეთ, უნდა გავერთიანდეთ და ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ერთი მომავალი და ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და წესრიგი უნდა იყოს. ჩვენ ყველანი ამას ჩვენი ერთობით აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა სააკაშვილმა.