ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ურთიერთსაპირისპირო ხმაურიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს. როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსა და ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯის მოთხოვნით შეკრებილ ადამიანებს შორის ინციდენტები მოხდა. თავდაპირველად მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქციის ერთი მონაწილე პოლიციის ცოცხალ ჯაჭვს მიღმა მყოფთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას შეეცადა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მეორე შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მისამართით საწინააღმდეგო მხრიდან ერთ-ერთმა აქტივისტმა სანთებელა ისროლა.
სამართალდამცველების ჩარევის შედეგად ინციდენტები ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ამოიწურა, თუმცა, ქუთაისის სასამართლოს შენობასთან ხმაური კვლავ გრძელდება.
ჯამში სასამართლოსთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი.