ევროსაბჭოს კომისარი ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში ნილს მუიჟნიეკსი 17 მაისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე "ფეისბუქით" განცხადებას ავრცელებს.
როგორც მუიჟნიეკსის განცხადებაშია აღნიშნული, პოლიცია მოუმზადებელი იყო და ვერ გაუმკლავდა კონტრდემონსტრანტთა დიდ რაოდენობას.
"ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ზომები არასაკმარისი იყო ლგბტ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად. პოლიცია მოუმზადებელი იყო და ვერ გაუმკლავდა კონტრდემონსტრანტთა დიდ რაოდენობას, რომელთა ნაწილი ლგბტ აქციის მონაწილეებს თავს დაესხა", - ნათქვამია ევროსაბჭოს კომისარის განცხადებაში.
ნილს მუიჟიენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა დაგმო მომხდარი ძალადობა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.
"ეს პირველი პოზიტიური ნაბიჯი იყო. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება შეაჩეროს და პასუხი გასცეს ყველა მომავალ მუქარას, რომელიც ლგბტ საზოგადოებისკენ იქნება მიმართული ისევე, როგორც ჩაატაროს ძალადობის ფაქტების სწრაფი გამოძიება. ამის არგაკეთება იქნება სიგნალი, რომ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა და სიძულვილის ენა შეიძლება დაუსჯელად გაგრძელდეს. ამ მოვლენებმა ასევე გვიჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა აღიკვეთოს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამ მიზნის განხორციელებაში შეიტანონ წვლილი", - აცხადებს ევროსაბჭოს კომისარი ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში ნილს მუიჟნიეკსი.