ინტერვიუ „საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის“ დირექტორ გიორგი სეთურიძესთან
– კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გიხსენებიათ ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი და ასე შემდეგ. მერაბიშვილი დააკავეს, თქვენს საქმესთან მიმართებაში როგორ ფიქრობთ, რაიმე სახის წინსვლა იქნება?
– მიჭირს თქმა იქნება თუ არა რაიმე წინსვლა, მაგრამ კიდევ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი უტყუარი ინფორმაციით, „დაბი ჯგუფზე“ განხორციელებული ზეწოლისა და ბიზნესების წართმევის უშუალო ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი იყო.
– ამ ხმამაღალი განცხადების საფუძველს რა გაძლევთ – რა მტკიცებულებები არსებობს ისეთი, რომ მსგავსი განცხადების გაკეთების საშუალებას გაძლევთ? ხომ არ არის ეს იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც განაწყენებულები არიან კონკრეტულ პირებთან მიმართებაში?
– 2010 წელს უშუალოდ მისი ბრძანებით მოხდა ყველა ის უკანონო ქმედება, რამაც საბოლოო ჯამში „დაბი ჯგუფის“ საქმიანობის შეჩერება გამოიწვია, უშუალოდ მისი ბრძანებით, მე პირადად ამეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩაკეტილი მქონდა საზღვარი.
უშუალოდ მისი ბრძანებით არაერთხელ დამიბარა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ და გადმომცა მისი სიტყვები, ასევე პროკურატურის თანამშრომლებმა, არაერთხელ განახორციელეს ჩემი დაბარება და მომცეს გაფრთხილებები, იყო მუქარა ოჯახის უსაფრთხოებაზეც. ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილისგან მოდიოდა. ამის ფაქტები ბევრია, მოწმეები არსებობს და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას ამ ფაქტებს წარვუდგენ.
– თქვენ საუბრობდით, რომ ამ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება წინ ვერ მიდიოდა. პროკურატურა რა მიზეზით ვერ ახდენდა ამ საქმის შესწავლას?
– იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს, მთავარია პირველ რიგში ახალმა მთავრობამ მიიღოს ისეთი კანონები, რომ მათი ქმედებები საბოლოო ჯამში უკანონობის ფარგლებში არ მოექცეს. ამისთვის მიღებული იქნა კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, ასევე ჩამოყალიბდა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია. რომ არა ეს, ჩვენი საქმეები ისევ მოხდებოდა იმ მოსამართლეების ხელში, რომლებიც 9 წელი ხელს აფარებდნენ. მთავარია, რომ ახლა ეს ყველაფერი მოხდეს კანონიერების ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ ზუსტად ეს შეუწყობს ხელს კანონიერების აღდგენას.
– ვანო მერაბიშვილს კონკრეტულად თქვენს საქმესთან დაკავშირებით რა ინტერესი ჰქონდა?
– ვანო მერაბიშვილს ბიზნეს–ინტერესი ჰქონდა. მან ხელში ჩაიგდო და მთლიანად აკონტროლებდა „კორსტანდარტ ბანკს“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც მე ვიყავი, ასევე მთლიანად ხელში ჩაიგდო და აკონტროლებდა სასტუმრო „კემპინსკის“ პროექტს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორებმა აღარ განახორციელეს იმ აქტივებით საქმიანობა და აღარ ჩადეს თანხები, „კემპინსკის“ პროექტი საერთოდ გაჩერდა.
რაც შეეხება ბანკს, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დრომდე ვანო მერაბიშვილი და მისი ხალხი ძალიან აქტიურად აკონტროლებდა ამ ბანკს. მათ შორის, ამ ბანკის საშუალებით ძალიან ბევრი ოპერაცია ხორციელდებოდა.