სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება "კუდიანებზე ნადირობის აღმაშფოთებელ პრაქტიკას დაუპისპირდება", საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ, არ წააგებს.
როგორც კაჭკაჭიშვილმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 17 მაისის მოვლენების თემაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, გადამჭრელი ზომების მიღება ხელისუფლებას დელეგიტიმაციის საფრთხის წინაშე არ დააყენებს.
"უამრავი ადამიანი შემხვედრია, რომელიც თავს მრევლად მიიჩნევს, ეკლესიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, საეკლესიო რიტუალებში იღებს მონაწილეობას, თავს მართმადიდებელი ეკლესიის წევრად თვლის, მაგრამ 17 მაისს მომხდარი მოვლენებით აღშფოთებულია. თუკი ხელისუფლება კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და დემოკრატიის პრინციპებთან დაკავშირებით თანმიმდევრულობას გამოიჩენს, ეს მას მორწმუნეთა ჯგუფიდან მხარდამჭერთა მნიშვნელოვან რაოდენობას არ დააკარგვინებს. რა თქმა უნდა, არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლების პოზიცია ეკლესიის და საპატრიარქოს რეაქციულ ფრთასთან დაკავშირებით. მათ ხმებს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება დაკარგავს და შეიძენს სხვა, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ამბავია - დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ უნდა გვქონდეს იმის პრეტენზია, რომ ხელისუფლებას აბსოლუტური უმრავლეობის მხარდაჭერა ჰქონდეს", - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.