"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს თავდებში დაუდგებიან, – ამის შესახებ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი ქუთაისში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ.
"ჩვენ გავაკეთეთ თავდებობის ფურცელი. მზად ვართ, თავდებში დავუდგეთ როგორც მერაბიშვილს, ისე ჭიაბერაშვილს. ასეთ მომენტში ჩვენს მეგობრებს ვერ მივატოვებთ, ჩვენ გვინდა, დადგინდეს სიმართლე", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე შეფასებით, მათი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას. მაჭავარაიანის თქმით, საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, ის არის, რომ გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყონ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი კი იმედოვნებს, რომ სასამართლო დღეს ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე აზრით, პროკურატურის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სწორი არ არის, რადგან ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და პროკურატურასთან და ამ თანამშრომლობაზე მათ უარი არასოდეს უთქვამთ.
"იმედი გვაქვს, სასამართლო მათ საკითხზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - დასძინა გიგი წერეთელმა.
ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პარლამენტში გაემგზავრნენ, მოგვიანებით კი, ისინი გადაინაცვლებენ სამმართველოსთან და ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.