ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ განესაზღვროთ.
ამის შესახებ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების საფუძველი საერთოდ არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი გამოძიებასთან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში თანამშრომლობდნენ.
"დაკავების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჭიაბერაშვილიც და მერაბიშვილიც ამ საქმეზე მოწმის სახით არაერთხელ იყვნენ დაბარებულები და თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. არანაირი გარემოება არ არსებობს, რომ ისინი შესაძლოა, მიემალნონ გამოძიებას იმ ფონზე, როდესაც ორივე ადამიანი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები და პარტიულ საქმიანობას ეწევიან. ამ გამოძიების პერიოდში რამდენჯერმე იყვნენ საზღვარგარეთ როგორც მერაბიშვილი, ასევე ჭიაბერაშვილი და მათ რომ ჰქონოდათ მიმალვის განზრახვა, საქართველოში საერთოდ არ ჩამოვიდოდნენ. მათი გადაუდებელი ფორმით დაკავება არის დაუსაბუთებელი, უკანონო და, შესაბამისად, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიციაა, მათ არც ერთი სახით აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდოთ", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა, რომელიც როგორც მერაბიშვილის, ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილის ინტერესებს იცავს.
ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით, აღმკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის თაობაზე, რის შემდეგაც სასამართლომ 24 საათში უნდა ჩანიშნოს პროცესი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ თუკი პროკურატურა სასამართლოს დღის პირველ ნახევარში მიმართავს, პროცესი დღესვე ჩატარდება. მისი თქმით, თუკი შუამდგომლობა სასამართლოში საღამოს იქნება შეტანილი, აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.