პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "მთავრობას არ აქვს ილუზიები, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება".
ამის შესახებ აბაშიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, კერძოდ, იმ დიალოგის საკითხებზე, რომელიც გასული წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. ჩვენს სტუმრებს აინტერესებდათ, რა სტადიაშია ეს პროცესი, როგორ ვუყურებთ სამომავლოდ გეგმებს, როდის იქნება შემდეგი შეხვედრა და ა.შ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სახით შეუძლიათ მათ დახმარება აღმოგვიჩინონ. ჩვენი აზრით, ამ მიმართულებით რაღაც მოძრაობა არის, საუბარი მაქვს სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროზე. თუმცა სერიოზული პრობლემები არსებობს და ალბათ, მათ მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ არ გვაქვს ილუზიები და გადამეტებული მოლოდინები, რომ პროგრესი ამ ურთიერთობებში ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ პატარა ხელშესახები შედეგები უკვე არის", - განაცხადა აბაშიძემ.