პეტერ ფიშერი: ბატონ ჟორჟოლიანს შევხვდი, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები გათავისუფლებულიყო გრანტების შესახებ კანონისგან, პასუხია, არა

პეტერ ფიშერი: ბატონ ჟორჟოლიანს შევხვდი, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები გათავისუფლებულიყო გრანტების შესახებ კანონისგან, პასუხია, არა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს, შეხვედრა მისი თხოვნით გაიმართა, რათა ეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების შესახებ კანონისგან.

ფიშერი ასევე წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციისგან უარის გამო, გერმანია მომავალი დაფინანსების ფოკუსირებას მოახდენს დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე“.

შევხვდი ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჩემი თხოვნით, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობის გადახდები გათავისუფლებული ყოფილიყო საქართველოს გრანტების შესახებ კანონისგან, რადგან ისინი უკვე შეთანხმებული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის წინა ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი თხოვნა. პასუხია: არა. გერმანია მომავალი დაფინანსების ფოკუსირებას მოახდენს დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე“, წერს პეტერ ფიშერი.

საქართველოს მთავრობამ ლევან ჟორჟოლიანისა და პეტერ ფიშერის შეხვედრის შესახებ გუშინ, 25 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატის დაბარებას, ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს“.