სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი ჟურნალისტებს ხვდება. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმ "მძიმე მემკვიდრეობაზე" საუბრით დაიწყო, რომელიც მისმა უწყებამ წინამორბედი ხელისუფლებისგან მიიღო და აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას პატიმრებთან მიმართებაში ახალი სტრატეგია და გეგმა აქვს.
"ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც დაგხვდა, ეს იყო სასჯელაღსრულების სისტემა. მსოფლიოში მე-4 ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით, ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული მათი ცემა-წამება, დაგვხდა ასეულობით დაინვალიდებული ადამიანი, დაგხვდა კორუფცია ყველა დონეზე - როგორც უმაღლეს დონეზე, ისე დაბალ დონეზე, რამდენიმე დაწესებულების გარდა დაგვხვდა მწყობრიდან გამოსული და აბსოლუტურად უვარგისი დაწესებულებები, სადაც ადამიანების გაჩერება არის შეუძლებელი, დაგვხვდა აბსოლუტურად უკონტროლო მიმოქცევა ფსიქოტროპული წამლების და მათი მიწოდება პატიმრებისთვის, თუმცა შემუშავებული გვაქვს ამ პრობლემის დასაძლევად სპეციალური პროგრამა და ამ მიმართულებით უკვე წინსვლა შეინიშნება. გარდა ამისა, პატიმართა სიკვდილიანობა იყო მაღალი, არსებობდა "მაყურებლებისა" და ადმინისტრაციის კარგად შეხმატკბილებული ტანდემი, ისინი ერთად არღვევდნენ დანარჩენი პატიმრების უფლებებს - "მაყურებლები" ხშირ შემთხვევაში ტერორში ამყოფებოდნენ არა მარტო მსჯავრდებულებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, ახლა მდგომარეობა შეცვლილია და სამინისტროს მისიაა სასჯელის ისე აღსრულება, რომ ის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე ზრუნვას ეფუძნებოდეს.
"ახლა რა მდგომარეობაა? ქვეყანაში 24 500 პატიმარი იყო, დღეს კი 10 ათასზე ოდნავ მეტია, თუმცა მიუხედავად მათი რაოდენობის სეროზულად შემცირებისა, საქართველო მაინც ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე რჩება ამ კუთხით მსოფლიოს და ევროპის მასშტაბით. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რომლის პრეზენტაციაც ცალკე გაიმართება, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ სამინისტროს მისიაა სასჯელის ისე აღსრულება, რომ ის ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე ზრუნვას ეფუძნებოდეს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობდეს ხელს", _ აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.