საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფის, - ამ სათაურით ავრცელებს ტელეკომპანია "ევრონიუსი" ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინას ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. პრემიერი ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს საქართველოს დიდ მეზობელთან ურთიერთობის "გადასატვირთად" და გასაუმჯობესებლად.
"რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ახლანდელი მდგომარეობა არავის ინტერესებში არ შედის. საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა და ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაბრუნებლად. თუმცა, ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამას მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით მოვახერხებთ. ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენთვის მიუღებელია. ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმეორდები - მიზანს მშვიდობიანი გზით მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობაც გაგვიწევს დახმარებას და მისი მხარდაჭერა გვექნება", - განაცხადა "ევრონიუსთან" ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ურთიერთობის ნორმალიზაციის კარგი მაგალითია სერბეთ-კოსოვო. მათ მიერ მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არცთუ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდათ, ახლა საერთო ენაზე საუბრობენ და როგორღაც მოახერხეს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის.
"ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან – ოსებთან, აფხაზებთან და, რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება აგვისტოს ომის გამოძიებას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა რუსული სცენარი უწოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს სააკაშვილის სტრატეგიაა და ყველაფერში, რაც მას არ მოსწონს, პრეზიდენტი რუსეთს ადანაშაულებს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე გამოძიების დაწყება ნორმალურია.
"სააკაშვილი ასევე ფიქრობს, რომ შეუძლებელია ნატო-ში გაწევრიანება, რუსეთთან კარგი ურთიერთობის პარალელურად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა როგორც ნატო-სთან, ისე რუსეთთან. სააკაშვილი რუსეთისგან იყო გაღიზიანებული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ათი წელი საკმაოდ ბევრია.
"ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო ადრე მოგვარდება. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო ცვლილებების დინამიკა. მსოფლიო იცვლება, ყველაფერი იცვლება. ასე, რომ, ერთ-ორ წელიწადში, შესაძლოა, რუსეთიც შეიცვალოს და უკეთესი ურთიერთობები დაამყაროს ნატო-სთან", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, "ევრონიუსთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამ მიმართულებით უფრო სწრაფი ტემპებით მიიწევს, ვიდრე მანამდე.
"მიუხედავად ჩვენი ოპონენტების განცხადებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო ორ წელიწადში ჩვენ უფრო დავუახლოვდებით ევროპას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
"ევრონიუსთან" საუბრისას საქართველოს პრემიერი ასევე შეეხო სოჭის ოლიმპიადის საკითხს და განაცხადა, რომ ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში.
"სპორტი და კულტურა ის სფეროებია, რომლებიც ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშები. მაგალითად, ძველი ბერძნები გავიხსენოთ – ოლიმპიური თამაშების დროს ომებიც კი წყდებოდა. ასე, რომ სპორტი და კულტურა ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის ლირიკულ გადახვევას "შენ ხარ სპორტი და შენ ხარ მშვიდობა!", დადებითად უპასუხა და განაცხადა: "დიახ, რა თქმა უნდა, შენ ხარ სპორტი და შენ ხარ მშვიდობა!".