ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ავღანეთში პატივი მიაგეს.
ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "ლეზერნიკზე" გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცერემონიას ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ.
"რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვოლტერ მილერმა კოალიციის სახელით მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული კონტიგენტის უმნიშვნელოვანესი როლი ISAF-ის მისიაში.
42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ. გარდაცვლილი ჯარისკაცების გადმოსვენება საქართველოში უახლოეს დროში მოხდება.