ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ღრმა მწუხარება გამოთქვა 13 მაისს ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესა და დაღუპული სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსებმა და დაჭრილ სამხედროებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.
"მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვთქვა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენი დაღუპული ბიჭების ოჯახებს. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ასეთი თავდასხმა ამ წლის განმავლობაში არ მომხდარა ავღანეთში. იყო კომბინირებული, კარგად დაგეგმილი შეტევა ჩვენ დანაყოფზე. ჩვენმა დანაყოფმა ძალიან კარგი რეაგირება მოახდინა. ჩვენი ბიჭების გააზრებული მოქმედება რომ არა, მსხვერპლი გაცილებით დიდი გვექნებოდა. მე მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ ბიჭებს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ და ისინი საიმედო ხელში არიან", - განაცხადა ირაკლი ძნელაძემ.
პოლკოვნიკი ძნელაძე ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ხელმძღვანელების 169-ე შეხვედრას ესწრება. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სამხედრო კომიტეტი პოსტ-ISAF-ის მისიის დაგეგმარების საკითხებს განიხილავს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს განსაკუთრებულ პარტნიორებთან - საქართველო, უკრაინა და რუსეთი, სამხედრო თანამშრომლობა და რეგიონალური უსაფრთხოებაა.