ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს, აბაშის რაინის სოფ. ძველი აბაშაში დაიბადა.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ "ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წელს წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე", „ლომისი" (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", „საქართველოს სამრეკლო", „ქართული სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.
ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი", „მთვარის მოტაცება", „გოეტეს ცხოვრების რომანი", „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", „დავით აღმაშენებელი", „ვაზის ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს „ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვა.
1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 1975 წელს, 17 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.