საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისა და ახალი მთავრობის "საერთაშორისო იზოლაცია აწუხებს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ვაკუუმი წარმოიშვა, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. პრეზიდენტმა "ვარდების რევოლუციის" შემდგომი წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არჩევისთანავე ჰქონდა მაღალი დონის ვიზიტები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებს კი, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მეზობლებთან შეხვედრის გარდა სხვა "სერიოზული ორმხრივი შეხვედრები" არ ჰქონიათ.
"პოლონეთში რომ ვიყავი, ვთხოვდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, მიეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით, იმიტომ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დღეს ისინი არიან. მე შემიძლია ვიარო და ვილაპარაკო საქართველოზე. ვსაუბრობ კიდეც ნატო-ში ინტეგრაციაზე და სხვაზე, მაგრამ ასეთი იზოლაცია შედის მხოლოდ ერთი მოთამაშის - პუტინის მთავრობის ინტერესებში. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხელს არ ჩამოართმევენ და თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოს მთავრობას უმაღლეს, ოფიციალურ დონეზე თუნდაც წამყვან ევროპულ ქვეყნებში არ მიიწვევენ, მაშინ დავრჩებით მხოლოდ ჩვენი დამპყრობლის და ოკუპანტის ამარა. ამიტომ პრემიერ-მინისტრი იმაზე კი არ უნდა ნერვიულობდეს, პრეზიდენტი რატომ დადის, უფრო იმაზე უნდა ინერვიულოს, რომ თვითონ რატომ ვერ დადის ან არ დადის", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ვიდრე პრეზიდენტია, ყველაფერს გააკეთებს, რომ პრემიერმაც დაიწყოს საზღვარგარეთ სიარული. "პრემიერ-მინისტრს სჭირდება, რომ ვინმე პირდაპირ ელაპარაკოს და რაღაცეები კარგად აუხსნას. ჩვენ ამ მხრივ სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იქნებ თქვენც იაროთ. ნუ გეშლებათ ნერვები იმაზე, რომ მე დავდივარ. მე პრეზიდენტი რომ არ ვიქნები, მაინც მიმიწვევენ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენს თავს მიხედეთ ახლა და მიხედეთ იმას, რომ პრაქტიკულად საქართველოს მთავრობა იმყოფება იზოლაციაში და ეს არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.