საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ შეხვედრების მიზანი ამერიკის მომდევნო ლიდერებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაა. პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამგვარი ვიზიტები ქვეყნისა და მისი მომავლისთვის აუცილებელია.
"ცოტა ხნის წინ შევხვდი აშშ-ის მოქმედ ხელმძღვანელობას, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, შევხედოთ, რა მოხდება 2016 წელს, ვინ არიან აშშ-ის შემდეგი ლიდერები. ამიტომ პრაქტიკულად ორივე პარტიაში – "დემოკრატებში" და "რესპუბლიკელებში" ვხვდები ყველას, ვინც აშშ-ის ხვალიდნელი დღეა, ვინც ხვალ იქნება ამერიკის ხელმძღვანელობაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობაზე იმედის დამყარება შეუძლებელია, რადგან "პუტინის რუსეთი" საბიუჯეტო კრიზისის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით "ქვემოთ მიექანება".
"ამერიკაში კი დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. ამერიკის როლი შემდგომ წლებში სულ უფრო გაძლიერდება და ამიტომ, მომავლისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან ყველაზე მეტი პერსპექტივა აქვს - ვინც როგორ არ უნდა გვარწმუნოს, რომ დასუსტებული რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა დავბრუნდეთ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ დავით აღმაშენებლის დროს გვეთქვა, თურქ-სელჩუკების კონტროლის ქვეშ დავბრუნდეთ, რომელთა სახელმწიფო იმ დროისთვის იშლებოდა. ახლა არის სწორედ ასეთი კონტაქტების დრო",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.