ავღანეთის სამხედრო ბაზაზე გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოცდაშვიდი ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. დაჭრილების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროში დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ირკალი ალასანიამ აღნიშნა, ოცდაშვიდი დაშავებული სამხედრო მოსამსახურიდან ათი დღეს უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. დანარჩენი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყება უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ. ალასანიას ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე დაშავებული ქართველი ჯარისკაცი გერმანიაში ან საქართველოში გაგზავნონ სამკურნალოდ.
რაც შეეხება გარდაცვლილთა გადმოსვენების საკითხს, მინისტრის განცხადებით, მათ ოცდაოთხი საათის განმავლობაში სამშობლოში გადმოასვენებენ. ასევე, ალასანიას თქმით, მედიას სამინისტრო ხვალაც მიაწვდის ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გარდაცვლილთა სამშობლოში ჩამოსვენების ზუსტი დროის თაობაზე.
ამასთან, გუშინდელი თავდასხმის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს ვახტანგ გორგასლისა და წმ. გიორგის ორდენებზე წარადგენენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარდგენილი იქნებიან გუშინდელი ოპერაციისას გარდაცვლილი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.
თავდასხმის მოგერიებაში განსაკუთრებული მამაცობისა და პროფესიონალიზმის გამოვლენისთვის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილია პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი. ალასანიას თქმით, მან მეამბოხეთა განადგურების ოპერაციაში მთავარი როლი შეასრულა, ხოლო მისმა გმირობამ ბევრი ქართველი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინა და ქვეყანას კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი ააცილა. პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს სხვადასხვა დრო მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, მედალი "მხედრული მამაცობისთვის", მესამე ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" და მედლები "გენერალი კვინიტაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", "სამშობლოსათვის დავდადებული", ორჯერ მიღებული აქვს ღირსების ორდენი. კობა ახვლედიანი ამ წუთებშიც რჩება ავღანეთში და როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი საქარველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს.
ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე გუშინ, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაიცვალა კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.