ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, "შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესუსტებას ცდილობდა".
ამის შესახებ არეშიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა.
"ხვედელიძის დონის უშიშროების თანამშრომელს აგენტს ვერ დაარქმევ. რაც შეეხება ორმაგ თამაშს, მე მინდა, გითხრათ, რომ ეს ასე იყო. ვთვლი, რომ ხვედელიძე ყველაფერს აკეთებდა, რათა შსს-ში გაემყარებინა ვაჟა ლელუაშვილის გუნდის პოზიციები, ასეც არის. დღეს შსს-ში, განსაკუთრებით უშიშროების სისტემაში, ლელუაშვილის ბევრი კადრი მუშაობს და პროცესებს ისე წარმართავს, როგორც უნდათ. ეს ადამიანები სერიოზულ რკალს კრავდნენ ღარიბაშვილის გარშემო, მათი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მაქსიმალურად დაესუსტებინათ ირაკლი ღარიბაშვილი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ფარესაშვილის ეპიზოდი ბოლო წვეთი იყო. შსს-ში დაგროვდა ბევრი ინფორმაცია ხვედელიძეზე, მათ შორის მისი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მოქმედებები", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გელა ხვედელიძე აცხადებდა, რომ ღარიბაშვილი მას ებრძვის და თავად უნდა დაასწროს.