საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საქმიანობას გეგმავს. ამის შესახებ თარგამაძემ დღეს "news.ge"-ის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამასთან, ეს პროფესია სადეპუტატო საქმიანობას ხელს არ უშლის.
"მინდა, ბოდიშო მოვუხადო ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რომ 9 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ უფრო ხშირად მიწევდა ყოფნა, თუმცა ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ახლა ვაპირებ მთელი ჩემი დრო ჩემი ქვეყანის შიდა პრობლემატიკას მოვახმარო. დიდი გამოცდილება მაქვს ჟურნალისტურ გამოძიებაში და ძირითადად, ამ მიმართულებით ვაპირებ დავკავდე, მითუმეტეს, რომ მასალა ბევრია და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენცია ამის კარგი მაგალითია", - განაცხადა თარგამაძემ.
მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა გეგმები აქვს და რა იქნება მისი ჟურნალისტური გამოძიების პირველი თემა.