საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შენობის წინ 1964 წელს დაბადებული თეიმურაზ ს. დააკავეს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბელიაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას შენიშნა, რომ გამგეობის შენობის წინ მდგარ პიროვნებას ხელში საეჭვო ნივთები ეკავა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აღნიშნულ პირს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიეთილენის პარკი ეჭირა. თეიმურაზ ს-მ პოლიციელების მიახლოვებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ორჯერ გაისროლა. გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამართალდამცველებმა თეიმურაზ ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებულს სიფხიზლე–სიმთვრალის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შემთხვევის ადგილიდან „ტე–ტე“-ს ტიპის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახა. აღნიშნული სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად არ დადასტურდა ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით, რაც 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს.