ქება დიდება საკუთარ თავთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიმართ, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენცია.
ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ ეკონომიკური მაჩვენებლების გაყალბების შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ივანიშვილს ან გუნდის წევრები ატყუებენ, ან მას საკუთარ კომპეტენციასთან აქვს პრობლემები.
"პრემიერ-მინისტრს საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ და ინფორმაცია არ აქვს თუ რა ხდება ქართულ ეკონომიკაში, ან თვითონ ვერ ხვდება, ვერ იაზრებს თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ეკონომიკა. ის, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანი, ამაზე საუბრობს არა ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კომისია და ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაცია. რაც უფრო დროზე გაიაზრებს ამას პრემიერ-მინისტრი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა არ უნდა იძახოს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები გაყალბებულია და სინამდვილეში თურმე ქვეყანას არანაირი წარმატება არ ჰქონდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით პრემიერ-მინისტრი უცხოელ ინვესტორებს აფრთხობს.
"ეს არის ამ ქვეყნისთვის საზიანო, რაც მას კარგად უნდა ესმოდეს, ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე. თუ რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რამდენი უცხოური ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეკონომიკური მაჩვენებელი არის გაყალბებული, პირველ რიგში აფრთხობს უხოელ ინვესტორებს და ამცირებს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. რაც პირადაპირ აისახება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე", - ამბობს ჯაფარიძე.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დროზე გაიაზრებს ამას და აღარ გააკეთებს მსგავს უპასუხიმგებლო განცხადებებს.