პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მუშაობას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვით განაახლებს.
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის I მოსმენით განხილვა პირველი მაისის სესიაზე დაიწყო, თუმცა პროცესი კენჭისყრამდე ვერ მივიდა, რაც ძირითადად უმცირესობის დამსახურებით მოხდა. კერძოდ, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციამ წინააღმდეგობა პოლიტიკური არგუმენტების გარდა, პროცედურული ფორმებითაც გაუწია. მათ მიერ "დროის გაჭიმვის" მექანიზმების გამოყენების შედეგად, საკითხი კენჭისყრამდე ვერ მივიდა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის გამეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.