საქართველოს მთავრობის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ არამიზნობრივად 923,7 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციამდე ჟურნალისტებს დაურიგდათ.
უფრო კონკრეტულად, იმ პროექტების ჩამონათვალში, რომლებიც ახალი მთავრობის აზრით, არ იყო მიმართული არც სოციალური პირობების და არც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მოხვდა ქუთაისში საპარლამენტო კომპლექსის მშენებლობა, რაზეც მათივე ინფორმაციით, 344 მლნ ლარი დაიხარჯა; ასევე თბილისში რიყეზე ახალი თეატრის მშენებლობა (70 მლნ ლარი), ბათუმში ანბანის კოშკი და "ბათუმი თაუერის" მშენებლობა (60-60 მლნ ლარი), ანაკლიის აკვაპარკის მშენებლობა (25,3 მლნ), ანაკლიის საფეხმავლო ხიდი (11,5 მლნ ლარი), ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნა (800 ათას ლარამდე), დაბა მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმა (1,2 მლნ ლარი).
აღნიშნულის გარდა, არამიზნობრივად განხორციელებულ პროექტებს შორის მთავრობა ასევე ასახელებს ქუთაისში მე-2 სატელევიზიო არხის ამოქმედებას (9,5 მლნ ლარი), კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას (53 მლნ ლარი), გოდერძის კურორტის მშენებლობას (39,7 მლნ ლარი), ლაზიკას მშენებლობის გახსნას (11,2 მლნ ლარი), მესტიაში აეროპორტის მშენებლობას (9,2 მლნ ლარი), ანაკლიაში კაფე-რესტორნის მშენებლობას (2 მლნ ლარი), ასევე ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობას (7,5 მლნ ლარი), პირველი კავკასიური არხის დაფინანსებას (34,6 მლნ ლარი), სურსათის და ელექტროენერგიის ვაუჩერს (88,2 მლნ ლარი), სამუშაო ადგილებზე პროფესიული გადამზადების პროგრამას (2007-2008 წლების ხარჯი - 66,7 მლნ ლარი), სტუდენტური დასაქმების პროგრამას (12,4 მლნ ლარი), "ქეთო და კოტე"-ს დადგმა (2,1 მლნ ლარი), ბათუმში ანდრეა ბოჩელის (2,3, მლნ ლარი), ასევე კრის ბოტისა და სტინგის (1,3 მლნ), პლასიდო დომინგოს (737 ათასი ლარი) კონცერტების ორგანიზებას, ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნას (793 ათასი ლარი) და ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებისა და დასწრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (656 ათასი ლარი). გარდა ამისა, მოქმედი მთავრობის ინფორმაციით, გასულ ორ წელიწადში მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებებზე 13,5 მლნ ლარი დაიხარჯა